კაცს, რომელსაც საქართველოში სამოგზაუროდ მყოფი უცხოელი ქალის გაუპატიურებაში ედება ბრალი, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლუიზა თოდუამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით არის აღძრული.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. პროცესზე დაზარალებული ქალის ადვოკატს დასწრების უფლება არ მისცეს.
ორგანიზაცია “საფარში”, რომელიც ამერიკელი ქალის უფლებებს იცავს, ამბობენ, რომ ეს მათ პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როცა მათი ადვოკატი სხდომაზე არ დაუშვეს.
შემთხვევა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაახლოებით ორი კვირის წინათ მოხდა. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში დაზარალებული ქალი ჰყვებოდა, როგორ იძალადა მასზე ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონემ.
“საფარი” დამნაშავის კანონის შესაბამისად დასჯას მოითხოვს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გაუპატიურება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 იანვარს დაინიშნა.