აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად პირველად დაადასტურა, რომ უკრაინას გაუუქმა შეზღუდვა ამერიკული ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე.
ამის შესახებ თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ”სწორედ ახლა მათ [უკრაინელებს] აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ATACMS-ის რაკეტები თავდაცვის გადაუდებელი საჭიროებისთვის და ეს ხდება ახლა კურსკისა და კურსკის რეგიონის მახლობლად”, - თქვა მან.
ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა აკრძალვა უკრაინის მიმართ, რუსეთის ტერიტორიაზე უფრო შორის რადიუსის სარაკეტო თავდასხმების მოაწყოს, მედიაში 17 ნოემბერს გამოჩნდა. ამის შესახებ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ New York Times-ი და Reuters-ი.
თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად აქამდე დადასტურებული არ ყოფილა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 19 ნოემბრის ღამეს ბრიანსკის რეგიონში მდებარე ობიექტს ATACMS-ის ექვსი რაკეტით დაარტყეს.
მოსკოვმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ნებართვას დასავლეთის ქვეყნებთან პირდაპირ კონფლიქტად მიიჩნევს.
20 ნოემბერს უკრაინამ, სავარაუდოდ, გამოიყენა Storm Shadow-ს რაკეტები პრეზიდენტის ადმინისტრაციის სანატორიუმზე იერიშისას კურსკის ოლქში, მარინიოში.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დაზიანდა სანატორიუმის ქვეშ მდებარე სამეთაურო ბუნკერი. ვაშინგტონის თანხმობისა და ამერიკის მიერ მოწოდებული მონაცემების გარეშე, უკრაინა ვერ შეძლებდა რუსეთში მდებარე სამიზნეებზე ფრანგული და ბრიტანული ფრთოსანი რაკეტებით შეტევას. ლონდონი და პარიზი ადრეც უჭერდნენ მხარს უკრაინის უფლებას, თავდაცვის საჭიროებისთვის დაერტყა რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ობიექტისთვის.