აშშ-ის იუსტიციის უწყების სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა განაცხადი შეიტანა აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული ორი საქმის დახურვის თაობაზე და თქვა, რომ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება გამორიცხავს მცდელობას, პასუხისმგებლობა დაეკისროს საიდუმლო დოკუმენტების შენახვის ან 2020 წლის არჩევნებში მარცხის გაუქმების საქმეში.
ეს გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო, რადგან იუსტიციის სამინისტროში მოქმედი პოლიტიკის თანახმად, არ შეიძლება მოქმედი პრეზიდენტების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
ტრამპმა შეძლო, რომ ხალხს კვლავ აერჩია აშშ-ის პრეზიდენტად, მიუხედავად სასამართლო დასკვნებისა, რომლებშიც მისი ქმედება დახასიათებული იყო, როგორც ქვეყნის საკონსტიტუციო საფუძვლებისთვის საფრთხის მომტანი.
„სიმტკიცე გამოვიჩინე ყველაფრის მიუხედავად და გავიმარჯვე“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა ტრამპს შარშან ოთხი ბრალდება წაუყენა: შეთქმულება აშშ-ის შეცდომაში შესაყვანად, ოფიციალური პროცესისთვის ხელის შეშლა, ოფიციალური პროცესისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულება და შეთქმულება ამერიკელთა უფლების წინააღმდეგ, დათვლილი ყოფილიყო მათი ხმები.
ტრამპი ბრალდებული იყო კიდევ ორ საქმეში. ერთი ეხებოდა საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებას, ხოლო მეორე პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის, ტრამპთან რომანის საიდუმლოდ შენახვის მიზნით, 130 ათასი დოლარის გადახდას, რაც ოფიციალურად იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა.
ტრამპი არცერთ ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა.