რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული 22 წლის ბრიტანელის, ჯეიმს ანდერსონის მამამ ჟურნალისტებს ვაჟის ვინაობა დაუდასტურა.
მამა შიშობს, რომ მისი შვილი შეიძლება აწამონ. ამის შესახებ Independent-ი იუწყება. შაბათ-კვირას რუსეთის მთავრობის მომხრე ტელეგრამის არხებზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ანდერსონი ჩანს სამხედრო ფორმაში.
მოგვიანებით რუსეთის სააგენტო TASS-მა თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ინგლისელი დააკავეს. ვარაუდობენ, რომ ანდერსონი კურსკის რეგიონში დაატყვევეს. გამოქვეყნდა ვიდეო მისი დაკითხვის ფრაგმენტით, რომელშიც ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონში მსახურობდა. არა ცნობილი, რა პირობებში გაკეთდა ჩანაწერი და განხორციელდა თუ არა ტყვეზე ზეწოლა.
რუსეთის ხელისუფლება უცხოეთის ლეგიონის მეომრებს დაქირავებულებს უწოდებს და სისხლის სამართლის ბრალდებას უყენებს. დაკითხვისას ანდერსონი ამბობს, რომ მანამდე ბრიტანეთის ჯარში მსახურობდა და სამსახური დაკარგვის შემდეგ უკრაინაში წავიდა.
მისი მამა, სკოტ ანდერსონი ამბობს, რომ ბრიტანელი უკრაინაში საბრძოლველად წავიდა, რადგან უკრაინელი ხალხის დახმარება სურდა. ოჯახს, სავარაუდოდ, არ სურდა ვაჟის ომში გაშვება.
Independent-ის ცნობით, ბრიტანელი უკრაინის არმიაში საბრძოლველად დაახლოებით რვა თვის წინ წავიდა. უკრაინას შექმნილ ვითარებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
The Guardian-ი აღნიშნავს, რომ თუ ანდერსონი მართლაც შეიპყრეს კურსკის რეგიონში, ის უკრაინის არმიის მხარეს მებრძოლი პირველი სამხედროა დასავლეთის ქვეყნიდან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე დაატყვევეს. ბრიტანეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ „ყველაფერს გააკეთებს“ პატიმრის დასახმარებლად, იუწყება გაზეთი.