უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კალუგის ოლქში დრონებით იერიში მიიტანეს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით.
წყაროს თანახმად, დრონებით დარტყმის შედეგად ობიექტზე აფეთქებები 25 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ მოხდა და ხანძარი დაიწყო.
გამოცემა „რბკ-უკრაინას“ სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ეს ობიექტი კომპანია „კალუგანეფტეპროდუქტის“ ნავთობის ბაზაა. ეს კომპანია კონცერნ „როსნეფტის“ შვილობილი საწარმოა.
უკრაინული მხარის მონაცემებით, 25 ნოემბერს კალუგის ოლქში დაარტყეს კიდევ ერთ ობიექტს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელ ანდრი კოვალენკოს მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, შეტევა იყო ქარხანა „ტაიფუნზე“, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია და აწარმოებს რადიოელექტრონული დაზვერვის და კავშირის საშუალებებს, ოპტიკურ-ელექტრონულ სისტემებს და კომპონენტებს სარაკეტო და საავიაციო სისტემებისთვის.
რუსეთის კალუგის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამ ადგილობრივი დროით ღამის სამი საათის შემდეგ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ერთ-ერთ საწარმოში გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა. გუბერნატორს საწარმო არ დაუკონკრეტებია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში კალუგის ოლქში გაანადგურეს რვა უკრაინული დრონი.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის რეგიონებს დრონებით თითქმის ყოველდღე უტევენ. უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნეებად აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.