რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვეს ულტრამემარჯვენეთა წარმომადგენელმა კელინ ჯორჯესკუმ და რეფორმატორმა ელენა ლასკონიმ. ისინი მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ხმების დათვლა თითქმის დასრულებულია. 62 წლის ჯორჯესკუ დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, მას ამომრჩეველთა 22,95%-მა მისცა ხმა. ლასკონიმ, რომელიც „რუმინეთის ხსნის კავშირის“ ლიდერია, 19,17% მოიპოვა. ლასკონიმ უკანასკნელ მომენტში გაუსწრო მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუს, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის, PSD-ის ლიდერია.
ჯოჯესკუ ცნობილია ნატოს კრიტიკით, ის ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარებას. ადრე ის შედიოდა ულტრამემარჯვენე „რუმინელთა გაერთიანების ალიანსში“, რომლის მიზანია რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანება, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯესკუ დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობს.
პირველ ტურში თავის შედეგს მან უწოდა „რუმინეთის ჭეშმარიტი გამარჯვება“ და „ცნობიერების არაჩვეულებრივი გამოღვიძება“.
ჯორჯესკუს პროგრამაში, რომელსაც ექსპერტები პოპულისტურად მიიჩნევენ, შედის რუმინელი ფერმერების მხარდაჭერა, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ენერგეტიკისა და სასურსათო პროდუქტების წარმოების გაზრდა.
თავის კამპანიას ჯორჯესკუ აწარმოებდა ტიტ-ტოკში, სადაც ასიათასობით მნახველი ჰყავდა.
ელენა ლასკონი პატარა ქალაქ კიმპულუნგის მერია. ყოფილი ჟურნალისტი მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების გაზრდას და უკრაინის დახმარებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.