საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს - ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ, აირჩიეს პაპუაშვილის სამი მოადგილეც: გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.
25 ნოემბერსვე უყარეს კენჭი მამუკა მდინარაძეს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე.
მე-11 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბა ამ პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების და ქუჩაში საპროტესტო აქციის ფონზე. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, არჩევნებს გაყალბებულად, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევენ. საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ამ პარლამენტის ლეგიტიმურობაზე სამსჯელოდ - სალომე ზურაბიშვილი ასაჩივრებს არჩევნებზე ორი კონსტიტუციური უფლების, ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევას. 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 30-მა დეპუტატმაც.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ამ პარლამენტს არალეგიტიმურად და თვითგამოცხადებულად მიიჩნევენ.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც არ მიიწვიეს. შეზღუდულია მედიის დაშვებაც.