თურქეთის ქალაქ ანტალიის აეროპორტში დაშვების შემდეგ ხანძარი გაუჩნდა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ სამგზავრო თვითმფრინავს.
ბორტზე იმყოფებოდა 89 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მათი ევაკუაცია სათადარიგო ტრაპებით განხორციელდა და არავინ დაშავებულა.
ანტალიის აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარი მალე ჩააქრეს. ადმინისტრაციაც ადასტურებს, რომ მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.
Sukhoi Superjet 100-ის ტიპის თვითმფრინავი სოჭი-ანტალიის რეისს ასრულებდა. ავიაკომპანია „აზიმუტის“ წინასწარი მონაცემებით, ძრავს ცეცხლი გაუჩნდა ე.წ. ხისტი დაშვების გამო, რაც თავის მხრივ ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
25 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო ანტალიის აეროპორტი დროებით დაკეტილი იყო.
ავიაკომპანია „აზიმუტი“ რუსეთიდან რეისებს ახორციელებს საქართველოშიც.