რუსეთის სამხედრო ძალის კონტრშეტევების შედეგად, უკრაინამ დაკარგა კურსკის რეგიონის იმ ტერიტორიების 40%-ზე მეტი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს 6 აგვისტოს სამხედრო ოპერაციის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" უკრაინის შეიარაღებული ძალების ანონიმი მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
"მაქსიმუმ, ჩვენ ვაკონტროლებდით დაახლოებით 1,376 კვადრატულ კილომეტრს, ახლა, რა თქმა უნდა, ეს ტერიტორია უფრო პატარა გახდა. მტერი აძლიერებს კონტრშეტევებს. ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ დაახლოებით 800 კვადრატულ კილომეტრს. ჩვენ ამ ტერიტორიას შევინარჩუნებთ მანამ, სანამ სამხედრო თვალსაზრისით მიზანშეწონილად ჩავთვლით", - განაცხადა წყარომ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არ უპასუხა Reuters-ის მოთხოვნას, რომ გაეკეთებინა კომენტარი სიტუაციის ამ შეფასებაზე.
უკრაინის გენერალურ შტაბში მომუშავე წყარომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა კურსკის რეგიონში დაახლოებით 59 000 სამხედრო მოსამსახურე განათავსა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიზნად დაისახა უკრაინის ჯარების უკუგდება კურსკის რეგიონიდან (რუსეთი) 2025 წლის 20 იანვრამდე, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღამდე. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ შაბათს უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"დარწმუნებული ვარ, რომ მას (პუტინს-რედ.) სურს ჩვენი განდევნა (კურსკის რეგიონიდან-რედ.) 20 იანვრამდე. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას. მაგრამ ის არ აკონტროლებს სიტუაციას. კურსკის ოპერაცია არ არის სათამაშო. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მას არ შეუძლია სრულად დაიცვას თავისი სახელმწიფო. მან ყველაფერი გადმოისროლა უკრაინის ოკუპაციისა და განადგურებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინამ რამდენიმე ბრიგადა გადაისროლა კურსკის დამცველების დასახმარებლად და პირველად გამოიყენა ამერიკული შორსმსროლელი ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი და ბრიტანული რაკეტები Storm Shadow.
პასუხად რუსეთმა პირველად გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ უახლესი ბალისტიკური ზებგერითი რაკეტა "ორეშნიკი", რომელმაც პუტინის თანახმად წარმატებით დააზიანა ერთ-ერთი უძველესი სამხედრო საწარმო დნეპროპეტროვსკში.