მალის ცენტრალურ ნაწილში ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდის შეიარაღებული მებრძოლები თავს დაესხნენ რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მიერ დაქირავებული მებრძოლების კოლონას. ამის შესახებ ინფორმაციას ალ-ყაიდასთან და მის "აფრიკულ ფრთასთან" დაკავშირებული არხები ავრცელებენ.
ფოტოებზე, რომლებსაც ისლამისტები ინტერნეტში აქვეყნებენ, ნაჩვენებია მათ მიერ ხელში ჩაგდებული იარაღი, საბრძოლო მასალა და მათ შორის "ვაგნერის" ემბლემიანი აღჭურვილობა.
თავდასხმა სავარაუდოდ 21 ნოემბერს, ცენტრალურ მალიში მოხდა.
"როიტერსის" თანახმად ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად აფეთქდა ორი მანქანა და სულ მცირე შვიდი "ვაგნერელი" დაიღუპა.
წინა დიდი თავდასხმა "ვაგნერის" დაქირავებულთა სამხედრო რაზმზე მალიში ივლისის ბოლოს მოხდა.
ბრძოლა გაიმართა სოფელ ტინ-ზაუტინის მიმდებარე ტერიტორიაზე მალისა და ალჟირის საზღვარზე, სადაც „ვაგნერელები“ და მალის არმიის კოლონა ალყაში მოაქციეს „საკოორდინაციო ცენტრ აზავადისა“ და საჰელის ვრცელ გეოგრაფიულ ზონაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ყაიდის“ მებრძოლებმა.
მაშინ ომის მომხრე რუსულმა ტელეგრამის არხებმა „ვაგნერის“ დაქირავებულთა დანაკარგების შესახებ სხვადასხვა რიცხვი დაასახელეს. მათი ცნობებით, დაღუპული უნდა იყოს 20-დან 50-მდე „ბოევიკი“. ბიბისის რუსული სამსახურის წყარო, რომელიც ადრე „ვაგნერში“ მსახურობდა, ამტკიცებს, რომ მალიში, სულ მცირე, 82 დაქირავებული ჯარისკაცი დაიღუპა.