საზღვარგარეთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორატის ანგარიშში ნახსენებია ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ზელიმხან იანდარბიევიც. ამის შესახებ "კავლაზ.რეალიი" იუწყება სააგენტო "ბლუმბერგზე" დაყრდნობით.
აშშ-ის დაზვერვის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორის ოფისის მიერ 2006 წელს მომზადებული დოკუმენტი ნაწილობრივ განასაიდუმლოვდა გამოცემის ჟურნალისტის თხოვნით. მასში ჩამოთვლილია არაერთი მკვლელობა, რომელიც 2006 წლიდან მოხდა: დაზვერვა თვლის, რომ ისინი ჩადენილია რუსული სპეცსამსახურების მიერ და სანქცირებულია პირადად პუტინის მიერ.
მასში ნახსენები პირველი შემთხვევა 2004 წლით თარიღდება, როდესაც კატარში ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობისთვის რამდენიმე რუსი სამხედრო დაზვერვის ოფიცერი გაასამართლეს. დამნაშავეებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) თანამშრომლებს ანატოლი ბელაშკოვს და ვასილი ბოგაჩოვს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ მალევე რუსეთს გადასცეს. მაგრამ 2006 წელს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ არაფერი იცის მათი ადგილსამყოფლის შესახებ.
იანდარბიევის გარდა, აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში ნახსენებია რუსეთის "ეფესბეს" ყოფილი ოფიცრის ალექსანდრე ლიტვინენკოს სიკვდილი, რაც ლონდონში 2006 წელს მოხდა.
ჩეჩენ სეპარატისტთა ყოფილი ლიდერი, ზელიმხან იანდარბიევი, 2004 წლის ტერაქტის შედეგად დაიღუპა კატარის დედაქალაქ დოჰაში. შეიარაღებული ამბოხების ორგანიზების ბრალდებით რუსეთის მიერ ძებნილი იანდარბიევი 1996-97 წლებში იყო ჩეჩნეთის მოქმედი პრეზიდენტი. ის დევნილობაში ცხოვრობდა დოჰაში, სადაც მანქანაში ააფეთქეს.
ტერაქტში მსჯავრდებული პირები მოგვიანებით სასჯელის მოსახდელად რუსეთის ციხეში გადაიყვანეს, მაგრამ, როგორც იტყობინებოდნენ, მალევე გაათავისუფლეს, იანდარბიევი კი გაერომ 2003 წელს იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ყაიდასთან“ იყვნენ დაკავშირებული.