ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ახალი კანდიდატი პამელა(პემ) ბონდი წარადგინა. 59 წლის ბონდი ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორია.
ტრამპმა ბონდის კანდიდატურა მას შემდეგ შეარჩია, რაც აშშ-ის იუსტიციის მინისტრობის და შესაბამისად, გენერალური პროკურორობის კანდიდატობაზე უარი თქვა დონალდ ტრამპის მიერ 14 ნოემბერს წარდგენილმა კონგრესმენმა მეტ გეცმა.
ტრამპის მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გეცის დასახელებამ სკანდალი გამოიწვია, რადგან კონგრესმენის მიმართ 2020 წლიდან არსებობს ეჭვები ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციასთან სავარაუდო კავშირის, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გამოყენების და ქრთამის აღების შესახებ.
21 ნოემბერს, სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში მეტ გეცმა უარი იმით ახსნა, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე მის კანდიდატურას „დაუმსახურებლად" გადააქვს ყურადღება ახალი ადმინისტრაციის ფორმირების პროცესისგან.
გეცის გადაწყვეტილების შემდეგ, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასახელებს პემ ბონდის, რომელმაც ფლორიდის გენერალურ პროკურორად მუშაობის პერიოდში ეს შტატი უსაფრთხო გახადა და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსაც დაუბრუნებს პირდაპირ დანიშნულებას - დანაშაულთან ბრძოლას.
ტრამპმა, რომლის წინააღმდეგ აშშ-ში სისხლის სამართლის არაერთი საქმეა აღძრული, ისევ გაიმეორა, რომ იუსტიციის სამინისტროს დიდხანს იყენებდნენ იარაღად პირადად მის და სხვა რესპუბლიკელების წინააღმდეგ.
78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.