რუსეთმა უკრაინაზე დღევანდელი შეტევისთვის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. ამ კლასის რაკეტების აღჭურვა შესაძლებელია ბირთვული საბრძოლო ნაწილებითაც და განკუთვნილია შორ მანძილზე მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმისთვის.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს საკონტინენტთაშორისო რაკეტა „რუბეჟია“, რომელიც რუსეთმა უკრაინაში პირველად გამოიყენა.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ ადგილობრივი დროით დილის 11 საათის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემებით, გამთენიისას რუსეთის ჯარებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს ქალაქ დნეპრის საწარმოებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ასტრახანის ოლქიდან გაშვებული იყო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, ტამბოვის ოლქიდან, გამანადგურებელ მიგ-31კ-დან - აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“ და ვოლგოგრადის ოლქიდან, ტუ-95მს ტიპის ბომბდამშენებიდან - შვიდი ფრთოსანი რაკეტა Х-101.
ოფიციალური მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ექვსი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
დღეს დილით, დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად ქალაქ დნეპრში დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმო და ორ ადგილას ხანძარია.
დნეპრის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის შენობაც. სხვა შედეგები ჯერჯერობით უცნობია.