საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა აცხადებს, რომ ერთად განიხილება პრეზიდენტისა და პარლამენტის დეპუტატების სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდება.
“ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა მთლიანად, მაგრამ ერთმანეთს ემთხვევა და აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა”, - უთხრა ტურავამ ჟურნალისტებს. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია მხოლოდ პრეზიდენტის სარჩელი, ხოლო დეპუტატების სარჩელი, რომელიც ფოსტით იყო გაგზავნილი, დღის განმავლობაში შემოწმდება, სავარაუდოდ, დარეგისტრირდება და “ორივე სარჩელი დარეგისტრირების შემდეგ ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს”.
სარჩელების წარმოებაში მიღების საკითხი, გამწესრიგებელი სხდომის ფარგლებში, პლენუმმა [9 მოსამართლე] უნდა გადაწყვიტოს. მერაბ ტურავამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ გამწესრიგებელი სხდომა შესაძლოა იყოს “როგორც ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, ასევე მხარეთა მონაწილეობის გარეშე“.
სარჩელი, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას და შესაბამისად, შედეგების გაუქმებას მოითხოვს, 20 ნოემბერს დარეგისტრირდა და განსახილველად პლენუმს დაეწერა.
პრეზიდენტის სარჩელის სადავო ნორმები ხმის მიცემის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის [ემიგრანტების შემთხვევაში] პრინციპების დარღვევას უკავშირდება.
“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ან დეპუტატების სარჩელის განხილვა, მთლიანობაში, ერთთვიან ვადაში უნდა დასრულდეს. განსაზღვრული არ არის, ცალ-ცალკე, კონკრეტულ პროცედურებთან დაკავშირებული ვადები.
მთავარი ინტრიგა უკავშირდება საკითხს - დასრულდება თუ არა საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 25 ნოემბრამდე, როცა “ქართულ ოცნებას” პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა აქვს ჩაფიქრებული. კონსტიტუციონალისტებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დაჩქარებული ტემპებით საქმის განხილვა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.
მერაბ ტურავას თქმით, პროცედურებისთვის კანონი ერთთვიან ვადას აწესებს და ეს ისედაც დაჩქარებული ვადაა.
„რაც შეეხება პარლამენტის სხდომას, ეს საკითხი ჩვენთან დაყენებული არ არის. ამ საკითხზე მე განმარტებას არ და ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენი განხილვის საგანი არ არის“, - აღნიშნა ტურავამ.
ვიდრე საკონსტიტუციო დავა არ დასრულდება, შეუძლებელი იქნება 26 ოქტომბერს არჩეული მომავალი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა და შესაბამისად - პარლამენტის უფლებამოსილების აღიარება.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატების ერთიან სიაში [რომელიც დადგენილებით უნდა დამტკიცდეს] ვერ შეიყვანენ პირებს, რომელთა „პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში“.
თუ პირველ სხდომაზე, სულ ცოტა, 100 დეპუტატის უფლებამოსილებას ვერ ცნობენ, კანონის თანახმად, პლენარული სხდომა წყდება. მისი ხელახლა მოწვევა შეუძლია ცესკოს თავმჯდომარეს - 10 დღის ვადაში, მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ამ რაოდენობის შევსება.
ეს შესაძლებელი ვერ გახდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვას არ დაასრულებს და გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
თუკი საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტისა და დეპუტატების სარჩელებს წარმოებაში არ მიიღებს, არსებითი განხილვა არ გაიმართება და პროცესი დასრულებულად ჩაითვლება.