აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები მიაწოდოს, ნაკარნახევია ფრონტზე რუსეთის არმიის ახალი ტაქტიკით.
„ისინი აღარ უტევენ მექანიზებული ძალებით. ისინი მოქმედებენ ქვეითთა დახმარებით, რომელთაც შეუძლიათ წინ წაიწიონ და გზა გაუკვალონ მექანიზებულ ჯარებს,“ უთხრა ოსტინმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოიწონა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება, განუცხადა BBC-ს წყარომ პენტაგონში. მის თანახმად, თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ ამ ნაღმების გამოყენება კიევს ხელს შეუწყობს რუსეთის ჯარების შეტევის შეკავებაში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.
ოსტინის თქმით, უკრაინის არმიას ესაჭიროება იარაღი, რომელიც მას დაეხმარება მტრის „ძალისხმევის შენელებაში“.
„ნაღმები, რომელთა მიწოდებაც გვინდა მათთვის, არის ნაღმები, რომლებიც არ არის მუდმივი მოქმედებისა. ანუ შეგვიძლია გავაკონტროლოთ, როდის ახდენს ისინი თვითაქტივირებას, თვითგანადგურებას და ეს მათ ბევრად უფრო უსაფრთხოს ხდის,“ დასძინა ოსტინმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა იყოს პასუხისმგებელი იმისთვის, თუ სად იქნება ეს ნაღმები განლაგებული.
ადრე ბაიდენის ადმინისტრაცია უარს ამბობდა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდებაზე, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ძალზე დიდია რისკი სამოქალაქო მოსახლეობისთვის.
კიევისთვის ნაღმების გადაცემის შესახებ ინფორმაცია დაგმო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა. „ეს შემაძრწუნებელი და დამანგრეველი მოვლენაა,“ განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მერი უორჰემმა. მან აღნიშნა, რომ არააქტიური ნაღმებიც კი საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
როგორც The Washington Post-ი იტყობინება, აშშ-მა ასევე პირობა დადო, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინას განაღმვაში დაეხმარება.
უკრაინა წევრია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენციისა, რომელსაც 1997 წელს მოაწერა ხელი 164-მა სახელმწიფომ. რუსეთი, აშშ, ჩინეთი და ინდოეთი არ მიერთებიან ხელშეკრულებას. მონაწილე ქვეყნებმა იკისრეს ვალდებულება, რომ არასოდეს გამოიყენებენ, არ შექმნიან, არ აწარმოებენ და სხვებს არ გადასცემენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, ასევე გაანადგურებენ მათ ხელთ არსებული ნაღმების მთელს მარაგს.
2022 წელს უკრაინა მის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსეთის ჯარების წინააღმდეგ იყენებდა ნაღმებს „ლეპესტოკს“. რუსეთის ჯარებიც ფართოდ იყენებენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს.
ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები ადამიანთან კონტაქტის ან მისი სიახლოვის შედეგად ფეთქდება. ნაღმები, რომლებიც არ არის გაუვნებლებული, კონფლიქტის დასრულების შემდეგაც კლავს და ასახიჩრებს ადამიანებს.