უკრაინის სასამართლომ რუსი მსახიობი და რეჟისორი ვლადიმირ მაშკოვი დამნაშავედ ცნო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და ომის პროპაგანდაში.
პუტინის აქტიურ მხარდამჭერ მაშკოვს დაუსწრებლად მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ვლადიმირ მაშკოვს ჩამოართვეს ქალაქ ოდესის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ სახლში შეძენილი ბინა.
კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროპაგანდისტის წინააღმდეგ გამოძიებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აწარმოებდა. მან სასამართლოს წარუდგინა მაშკოვის მიერ უკრაინის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი ომის მხარდაჭერის მტკიცებულებები, მათ შორის მასობრივ აქციებსა და კონცერტებზე გამოსვლებისას მისი მოწოდებები, რომ უკრაინის დაბომბვა უნდა გაგრძელდეს.
რუსეთის პრეზიდენტის 2024 წლის არჩევნებისთვის ვლადიმირ მაშკოვი ვლადიმირ პუტინის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარე იყო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაშკოვი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ეწეოდა „რაშიზმის“ პროპაგანდას და საოკუპაციო დაჯგუფებების „ჰეროიზაციას“.
რუსეთში ცნობილი მსახიობი და რეჟისორი ვლადიმირ მაშკოვი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერისთვის სანქცირებულია ევროკავშირის, შვეიცარიისა და კანადის მიერ.