უკრაინაში აცხადებენ, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს სამხედრო დანიშნულების ორ ობიექტზე.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელ ანდრი კოვალენკოს მიერ დღეს, 20 ნოემბერს, დილით ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ბელგოროდის ოლქში შეუტიეს კომპანია „ეფკოს“ ქარხანას, რომელიც კვების პროდუქტების გარდა, აწარმოებს ე.წ. სატვირთო დრონებს და მათ რუსული არმია სამხედრო მიზნებით იყენებს.
კოვალენკოს ცნობითვე, უკრაინელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს მე-13 არსენალს, რომელიც ნოვგოროდის ოლქში, დასახლებულ პუნქტ კოტოვოსთან მდებარეობს.
კოვალენკო ხაზს უსვამს, რომ ეს ადგილი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 680 კილომეტრში მდებარეობს. მისივე ინფორმაციით, რუსეთის ამ არსენალში ინახება საარტილერიო ჭურვები და სხვადასხვა ტიპის რაკეტები, მათ შორის „ისკანდერი“.
ანდრი კოვალენკოს მიერ დასახელებულ რაიონებში დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული აფეთქებების შესახებ გამთენიისას იუწყებოდნენ რუსული ტელეგრამ-არხებიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში გაანადგურეს 44 უკრაინული დრონი, მათგან ყველაზე მეტი, 20 - ნოვგოროდის ოლქში. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ბელგოროდის ოლქში მოგერიებული იყო 3 უპილოტო საფრენი აპარატი. თავდაცვის სამინისტროს ხმელეთზე გამოწვეული შედეგების შესახებ არაფერი უთქვამს.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით ATACMS პირველი იერიში მიიტანა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ბრიანსკის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტზე.