რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 19 ნოემბერს აცხადებს, რომ ღამით ბრიანსკზე თავდასხმისას უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული ექვსი ATACMS-ის რაკეტა გამოიყენა. იგი დასძენს, რომ რუსეთის ძალებმა შეძლეს მათგან ხუთის ჩამოგდება და ერთის დაზიანება.
სამინისტროს თანახმად, დაზიანებული ATACMS-ის ნაწილები სამხედრო ობიექტს დაეცა, რასაც მოჰყვა ხანძარი, რომელიც მალევე ჩააქრეს. სამინისტროს განცხადებით, მსხვერპლი არ არის.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის სააგენტო RBK-მ უკრაინის არმიის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ კიევმა ATACMS-ის რაკეტები პირველად გამოიყენა რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის ბრიანსკის რეგიონში მდებარე სამიზნის წინააღმდეგ და მას ზიანი მიაყენა.
ოპერაცია ემთხვევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მე-1000 დღეს, რითაც მას სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. ანალიტიკოსთა თქმით, საპასუხო თავდასხმების სიზუსტით განხორციელების შესაძლებლობის დემონსტრირებით უკრაინა ცდილობს, შეცვალოს ომის სტრატეგიული სურათი და აჩვენოს, რომ რუსეთის ტერიტორია არ არის დაცული პირდაპირი თავდასხმებისგან.
კიევს ეს ცნობები ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა როცა ამაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუსვეს კითხვა, მან თქვა: "უკრაინას აქვს ფართო რადიუსის შესაძლებლობები, მათ შორის ადგილობრივი წარმოების ფართო რადიუსის დრონებით... და ახლა ATACMS-იც გვაქვს".