საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო სახალხო დამცველის სარჩელი, რომლითაც ომბუდსმენი ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის აბორტის უფლებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვს.
მოქმედი კანონმდებლობით, ორსულობის 12 კვირის შემდეგ, აბორტის გაკეთება მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებშია დასაშვები, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე. ძალადობის მსხვერპლების შემთხვევაში, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ორსულობის 12 კვირის შემდეგ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც დგინდება, რომ ორსული ქალის მიმართ ჩადენილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - გაუპატიურება. ამგვარი გადაწყვეტილების შემთხვევაში აბორტი შესაძლებელია ორსულობის 22-ე კვირამდე.
სახალხო დამცველი ამ ნორმას პრობლემურად მიიჩნევს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართალწარმოების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რომელიც, როგორც წესი, აღემატება ორსულობის ვადას, რაც ქალს უფლებას ართმევს, მიიღოს გადაწყვეტილება ნაყოფის შესახებ.
"იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალადობის მსხვერპლი ქალი, სექსუალური ძალადობის ფაქტიდან დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოს და გამოძიება მყისიერად დაიწყება, პროცესის 22 კვირაზე მეტი ვადით გაგრძელების რისკი მაინც რჩება. ვინაიდან, დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება პოლიციისა და პროკურორების მხრიდან მოითხოვს საქმის ყოვლისმომცველ ანალიზს, ყველა გონივრული ნაბიჯის გადადგმას, შესაძლო დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების შეგროვებისა და მათი დაცვის მიზნით (ეს გულისხმობს შესაბამისი ფაქტების დადგენას, ყველა მოწმის გამოკითხვას და დაზარალებულის თანხმობით სასამართლო ექსპერტიზისა ან სხვა კვლევების ჩატარებას).
.....
მხედველობაშია ასევე მისაღები, სექსუალური ძალადობის შედეგად დაორსულებული იმ ქალების მდგომარეობაც, რომლებიც, მაგალითად, იგივე რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, ზოგადად აბორტის მოწინააღმდეგენი არიან. ასეთ შემთხვევაში, მათ შეიძლება უფრო ხანგრძლივი დრო დასჭირდეთ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად", - წერია სახალხო დამცველის სარჩელში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია წარდგენილი.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ძალადობის მსხვერპლის მხრიდან ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის წინაპირობად გამოძიებისთვის მიმართვა უკვე საკმარის საფუძველს იძლევა.
საქართველოში აბორტის უფლება საკანონმდებლო დონეზე 2023 წლის შემოდგომაზე გამკაცრდა - ამ დროს კანონში გაჩნდა ახალი ჩანაწერები, რომლებმაც ქალებს დამატებითი ბარიერები დაუწესა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კერძოდ, ამ ცვლილებების შემდეგ, ის ქალები, რომლებიც გადაწყვეტენ აბორტის გაკეთებას, 2024 წლის 1 იანვრიდან ვალდებულნი არიან, ხუთდღიანი მოცდის პერიოდის შემდეგ, კონსულტაცია გაიარონ არა მხოლოდ ექიმ-გინეკოლოგთან, არამედ ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთანაც - „სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ, ექიმის საკონსულტაციო ოთახში".