სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ გამთენიისას ტელეგრამ-არხზე დაწერა ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა.
ოლქის ხელისუფლება დარტყმის კონკრეტულ ადგილს ჯერჯერობით არ ასახელებს.
მანამდე, ადგილობრივი დროით 03:32 საათზე, ნიკოლაევის მერმა ოლექსანდრ სენკევიჩმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში აფეთქებები იყო საჰაერო განგაშის გამოცხადებამდე.
განახლება: დილის ცხრის ნახევრისთვის ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ დაჭრილების რიცხვი 11-დან 16-მდე გაიზარდა. კიმის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევამ ხანძრები გამოიწვია. დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტი, სახლები, რესტორანი და სავაჭრო პავილიონები. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნიკოლაევს ეს-300 ტიპის რაკეტებით შეუტიეს.
ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის ჯარები უკრაინის სამხრეთში დრონებით და რაკეტებით თითქმის ყოველდღე უტევენ ნიკოლაევის და ოდესის ოლქებს.