უკრაინაში ომში, ხარკოვის მიმართულებაზე დაიღუპა რუსეთის მხარეს მეომარი აფხაზი მებრძოლი ირაკლი ეშბა. ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამის არხი „АМРА-life“.
„ცოტა ხნის წინ ბრძოლაში ირაკლის მეგობარი კონსტანტინ ივანოვი დაიღუპა, ისინი სკოლის მერხიდან მეგობრობდნენ და ომშიც ერთად წავიდნენ. მეგობრის ცხედრის ევაკუაციას არ დაელოდა და ირაკლი მის გამოსატანად თვითონ წავიდა. ეს არის ადამიანისა და მებრძოლის შესაფერისი გმირული საქციელი".
კონსტანტინ ივანოვი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, მოგვიანებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სპეცდანაყოფში მსახურობდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ლევ კვიცინიამ სექტემბერში განაცხადა, რომ „დონბასში სპეცოპერაციისას აფხაზეთიდან 47 ბიჭი დაიღუპა". „ისინი იყვნენ არა მხოლოდ ბატალიონ „პიატნაშკის“ მებრძოლები, არამედ აფხაზეთიდან რუსეთს წასულები, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან გაიწვიეს“, - განაცხადა მან.