უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მხარდამჭერი ფონდის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ვებსაიტზე georgianlegion.ge განთავსდება ცნობა „ქართული ლეგიონის“ საჭიროებების შესახებ.
ონლაინპლატფორმის მეშვეობით, მსურველები შეძლებენ შემოწირულობის გაღებას „ქართული ლეგიონისთვის“, რაც უზრუნველყოფს ლეგიონის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამასთან, პლატფორმა იქნება მთავარი წყარო „ქართული ლეგიონის" შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა „ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი.
„ქართული ლეგიონი“ უკრაინაში იბრძვის ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ამბოხების შემდეგ. ლეგიონი დაახლოებით 1300 სამხედროს აერთიანებს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.
უკრაინაში, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს საქართველოში სამხედრო პატივით კრძალავენ.