უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, რუსეთის ძალები "უკონტროლოდ, ბარბაროსულად", ინდუსტრიული მასშტაბით ჭრიან ხეებს უკრაინის ტყეებში, რასაც "აუცილებლად მოჰყვება კატასტროფული შედეგები გარემოსთვის".
იმ ხეების დიდი ნაწილი, რომელსაც რუსეთის ძალები და მეწარმეები აჩანაგებენ ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და სხვა ოკუპირებული რეგიონების არეალებში, თავის დროზე დარგეს იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო ძლიერი ქარი და წყლის ეროზია, და მოქალაქეებს დასვენების ადგილები ჰქონოდათ - თქვა მალიარმა 5 აპრილს.
მარტის ბოლო 10 დღის განმავლობაში, მალიარის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში, ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლთან მოძრაობდა რუსეთის სატვირთო მანქანების კოლონები, რომლებსაც იმ ადგილებში მოჭრილი ხეები გადაჰქონდა. მალიარი ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილზე რუსეთის სამხედროებმა ადგილობრივ გლეხებს აუკრძალეს მიწაზე მუშაობა, რაც, მისი თქმით, სავარაუდოდ წყვეტას გამოიწვევს ამ წლის გაზაფხულის ხვნა-თესვის სამუშაოების შესრულებაში.