საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში. ინფორმაციას და დახვედრის ფოტომასალას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილს საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რანია ალ-მაშატი და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი დახვდნენ.
პრესსამსახური ასევე აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
"პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს და კლიმატის ცვლილებებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას", - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღარიბაშვილი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.