კვირას ხერსონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ელექტრომომარაგების ხაზებს. ამის შესახებ განაცხადა ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, იური სობოლოევსკიმ.
მან „ტელეგრამში“ საკუთარ არხზე კომენტარი გაუკეთა ხერსონის საოკუპაციო ძალების განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქალაქის ელექტრომომარაგება შეწყდა „უკრაინის მხარის მიერ ორგანიზებული ტერაქტის“ გამო.
„ოკუპანტებმა განცხადება გააკეთეს ‘ტერაქტის’ შესახებ. მაგრამ არ დაუზუსტებიათ, რომ ტერაქტი თავად მათ განახორციელეს. ამას ადასტურებს თვითმხილველთა ჩვენებები,“ დაწერა სობოლევსკიმ.
მისი სიტყვებით, მთლიანობაში უსინათლოდ და უწყლოდ დარჩა ათამდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის მთელი ხერსონი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიში აგვისტოს ბოლოდან მიმდინარეობს. ოქტომბრის შუა რიცხვებში საოკუპაციო ძალებმა ხერსონის მოსახლეობის „ორგანიზებული გადაადგილება“ დაიწყეს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე და რუსეთის რეგიონებში. როგორც BBC იტყობინება, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს რეგიონიდან გაჰქონდათ ძვირფასი ნივთები - საოფისე სავარძლებიდან დაწყებული, ძეგლებით დამთავრებული.
იური სობოლევსკის შეფასებით, ამჟამად დნეპრის მარჯვენა ნაპირზე თავმოყრილია რუსეთის მინიმუმ 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე. მაგრამ საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები ხერსონიდან სხვა დასახლებულ პუნქტებში გადავიდნენ.