ომის შედეგად დაზარალდა უკრაინის ბუნების დაცული ტერიტორიების 20% და სამი მილიონი ჰექტარი ტყე. რვა ნაკრძალი და ათი ეროვნული პარკი კვლავაც რუსეთის ჯარების კონტროლქვეშაა. ამის შესახებ ველური ბუნების მსოფლიო ფონდის უკრაინის განყოფილება იტყობინება.
განადგურების საფრთხე ემუქრება რამსარის კონვენციით დაცულ 16 ობიექტს - წყალ-ჭაობიან ტერიტორიებს, რომლებსაც მსოფლიო მნიშვნელობა აქვს, იუწყება ფონდი. გათავისუფლებული ტერიტორიები კვლავაც რჩება განადგურების საფრთხის წინაშე, ვინაიდან ისინი ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს.
ეკოლოგების მონაცემებით, ოქტომბრის დამდეგისთვის ომი შეეხო უკრაინის სახნავ-სათესი ტერიტორიების ერთ მესამედზე მეტს. ისინი ან ოკუპირებულია, ან გათავისუფლებულია, მაგრამ შესაძლოა, დანაღმული იყოს. თებერვლიდან ივნისამდე სამხედრო მოქმედებების ზონაში დაფიქსირდა სროლის შედეგად გაჩენილი თითქმის 38 ათასი ხანძარი.