თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალგაზრდა ბიჭს შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც თავად ამბობს, ჰომოფობიურ ნიადაგზე.
„ეს „კაცი“ თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო. რატომ გაცვია შეხსნილი ღილებითო. რა შენი საქმეა, მე რა მეცმევათქო და დავიწყეთ კამათი“, - წერს მოქალაქე საკუთარ ფეისბუკზე და ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ახალგაზრდას. მისივე თქმით, კაცი მოკვლით ემუქრებოდა და მოგვიანებით დაარტყა კიდეც.
„მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე. მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა“, - წერს მოქალაქე და ამბობს, რომ ავტობუსის მგზავრების ნაწილი თავდამსხმელს უჭერდა მხარს.
„ეს ომია თავისუფალი ადამიანების და უმცირესობების წინააღმდეგ. ეს თავდასხმაც ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა“, - წერს მოქალაქე.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.