ნორვეგიის პოლიციამ ორი კვირით დააპატიმრა 47 წლის რუსეთის მოქალაქე ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, შპიცბერგენის კუნძულებზე, დრონით გადაღებისთვის. როგორც Agence France-Presse-ი იტყობინება, დაპატიმრებულია რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელისა და სააგარაკო კოოპერატივ „ოზეროში“ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პარტნიორის, ვლადიმირ იაკუნინის ვაჟი ანდრეი იაკუნინი.
47 წლის იაკუნინი დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქეა. ის იტალიაში ცხოვრობს და საინვესტიციო ბიზნესს ეწევა. ყირიმის ანექსიის შემდეგ აშშ-მა მამამისს სანქციები დაუწესა. თავად ბიზნესმენმა გაზაფხულზე იტალიის პრესას განუცხადა, რომ არასოდეს მიუცია ხმა პუტინისა და მისი „ედინაია როსიისთვის“ და რომ წინააღმდეგია უკრაინაში ომისა.
იაკუნინის უპილოტო საფრენ აპარატს კონფისკაცია გაუკეთეს. ევროკავშირის ქვეყნებმა და ნორვეგიამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს თავიანთ ტერიტორიაზე დრონების გამოყენება აუკრძალეს. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ნორვეგიაში შვიდი ადამიანი დააპატიმრეს. ხელისუფლების თანახმად, ოთხი მათგანი ჰაერიდან უღებდა სტრატეგიულ ობიექტებს.