ნედლეულის საწარმო იწვის აგარის შაქრის ქარხანაში. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის კერების ლოკალიზება მიმდინარეობს. ხანძრის ქრობას ქარი ართულებს, გარდა ამისა, სახურავზე მყარი მასალის გარდა, გამოყენებულია ადვილად აალებადი მასალაც, ამიტომ ამ დრომდე ხანძრის ლოკალიზება ბოლომდე ვერ ხერხდება. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ხანძრის ქრობის პროცესში სამაშველო სამსახურის ათამდე ბრიგადაა ჩართული.
აგარის ქარხანაში დასაქმებულთა ინფორმაციით, ნედლეულის საწარმოში 300 ტონამდე ტვირთი ინახებოდა. ნედლეულის ნაწილი ხანძარმა, ნაწილი კი სახურავიდან ჩასულმა წყალმა გაანადგურა. მეხანძრეების თქმით, უკვე აღარ არის საფრთხე, რომ ხანძარი ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ სხვა შენობებზე გავრცელდეს. ისინი ამბობენ, რომ ხანძარს მალე ჩააქრობენ.