რუსი მომღერლების, ანდრეი მაკარევიჩისა და მაქსიმ გალკინის გაუქმებულად გამოცხადებული კონცერტები თბილისში გაიმართება. ამის შესახებ დღეს ბილეთების გაყიდვის სერვისმა Biletebi.ge-მ ფეისბუქზე დაწერა.
"მაშინა ვრემენის" კონცერტი ჩატარდება 7 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ველოდებით საბოლოო დასტურს). ყველა გაყიდული ბილეთი იქნება ძალაში. მაქსიმ გალკინის კონცერტის ახალი თარიღი დაიდება უახლოეს მომავალში", - წერია მათ განცხადებაში.
კონცერტები თბილისის სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო.
ცნობა, რომ სპორტის სასახლემ "აკრძალა არტისტები" და კონცერტები იქ აღარ ჩატარდებოდა, ონლაინ ბილეთების პლატფორმამ 2 სექტემბერს გაავრცელა.
მათივე განცხადებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ არტისტები მხარს უჭერენ უკრაინას.
თბილისის სპორტის სასახლის ხელმძღვანელმა მიშა ეძგვერაძემ კონცერტების გაუქმების მიზეზად შენობაში შექმნილი პრობლემები და დაგეგმილი რემონტი დაასახელა.
Biletebi.ge-ს განცხადებას, რომ კონცერტები პოლიტიკური კონტექსტისა და უკრაინის მხარდაჭერის გამო გაუქმდა, მიშა ეძგვერაძე პასუხობს, რომ ეს მიზეზი "აბსურდია".
"რადიო თავისუფლებასთან" საუბარში Biletebi.ge-ს თანადამფუძნებელმა, გიორგი ჩხიკვიშვილმა თქვა, რომ თვენახევარში ათასობით ბილეთი იყო გაყიდული.