უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები განაგრძობენ უკრაინის არმიის პოზიციებზე ინტენსიურ შეტევას დონეცკის ოლქში.
გენერალური შტაბი დღეს დილით იუწყება, რომ დონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგე აწარმოებს აქტიურ სარაკეტო იერიშებს, შეტევა განაახლა სლავიანსკის მიმართულებით, ლიმანში კი, პოზიციების გამყარებას ცდილობს არტილერიის დახმარებით.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, ხარკოვის მიმართულებით რუსეთის ქვედანაყოფების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკვე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებისა და უკრაინის სამხედრო ძალების წინსვლის შეჩერებისკენ.
უკრაინის ხელისუფლება დონბასში რთული ვითარების გამო, პარტნიორი სახელმწიფოებისგან ისევ ითხოვს მძიმე შეიარაღებით სასწრაფოდ დახმარებას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 26 მაისს განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში სიტუაცია იმაზე უარესია, ვიდრე ამას ხალხი ამბობს. კულებას თქმით, არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გარეშე, უკრაინა რუსეთის სამხედრო ძალებს უკან ვერ დაახევინებს.
აშშ, დიდი ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევენ, თუმცა, შეიარაღების ჩამონათვალში ჯერჯერობით არ არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ტელეკომპანია CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების სარაკეტო სისტემების გადასაცემად.