უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, მის ქვეყანას ბლოკის წევრობა შესთავაზოს. მისი თქმით, ეს იქნებოდა „მძლავრი პასუხი“ უკრაინის წიააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს განკარგულება გასცა რუსეთის ჯარებს, შეჭრილიყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე, ვინაიდან ის გავლენის სფეროს მოპოვებას ცდილობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის უკრაინაში, და ცდილობს, არ დაუშვას მათი ინტეგრაცია დასავლეთის ორგანიზაციებში.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ეს ომი იგეგმებოდა როგორც გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ დარტყმის პრელუდია. უფრო მეტად გაერთიანება არის ამაზე მძლავრი პასუხი,“ თქვა მან 5 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროკავშირის კანდიდატობა კარს უხსნის წევრობის შესახებ ოფიციალურ მოლაპარაკებებს - პროცესს, რომელიც მოიცავს ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის მიღებას და სხვა პირობების შესრულებას, რომლებიც მიღების აუცილბელ კრიტერიუმებად არის მიჩნეული.
უკრაინა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას ადგას მას შემდეგ, რაც 2014 წელს ჩამოაგდეს პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. მთავრობა ევროკავშირის მხარდაჭერით მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს. ამ ხნის მანძილზე კიევმა არაერთხელ გამოხატა იმედგაცრუება, ვინაიდან ევროკავშირს ჯერ არ დაუწყია მასთან მოლაპარაკებები გაწევრიანების თაობაზე.
27 წევრისგან შემდგარი ევროკავშირი თითქმის ათი წელია, არ გაფართოებულა იმის გამო, რომ საკვანძო მნიშვნელობის ქვეყნები მხარს არ უჭერდნენ ამას ეკონომიკის ზრდის ნელი ტემპების ფონზე.
ზელენსკის თქმით, ევროკავშირმა უკრაინას ბლოკში მიღების კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს „პირდაპირ ახლა - ომის პირობებში, ევროკავშირის წევრობის სპეციალური დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში“.
საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეძღვნებოდა, მან ასევე მოუწოდა დასავლეთს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის გრანდიოზულ პროგრამაში.
მან ახსენა მარშალის გეგმა, აშშ-ის მასშტაბური ინიციატივა, რომლის მიზანი იყო მორე მსოფლიო ომის შემდეგ აღედგინა ევროპა როგორც მოსკოვის მიმართ დაპირისპირების ბურჯი. ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება „საერთაშორისო დახმარების სტრატეგიული გეგმა“ მათ შორის ფული, ტექნოლოგიები და სპეციალისტები.
რუსეთის შეჭრამ დაანგრია უკრაინის ეკონომიკა, გაანადგურა ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროპორტები, ხიდები, პორტები და ელექტროსადგურები. მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, მიეტოვებინა საკუთარი სახლები.
უკრაინის ხელისუფლება ზარალს ასობით მილიარდ დოლარად აფასებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ეკონომიკა შეიძლება ერთი მესამედით შემცირდეს.
ზელენსკის თქმით, მარშალის გეგმა საბრძოლო მოქმედებების რეგიონებიდან გაქცეულ უკრაინელებს, მათ შორის იმათ, ვინც ევროკავშირს შეაფარა თავი, საშუალებას მისცემს, დაბრუნდნენ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებში.
„თავისუფალი მსოფლიოდან ასეთი ინვესტიციები - თუკი ისინი სწრაფი და საკმარისი იქნება - იმას ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანი, რომელიც ადგილნაცვალ პირად იქცა ამ ომის გამო, შინ დაბრუნებას შეძლებს,“ თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.