ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის რეპეტიციები დაიწყო. ნაციზმზე გამარჯვების 77 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ თავდაცვის სამინისტროს, ე.წ. საგანგებო სიტუაციების, დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მე-4 სამხედრო ბაზის წარმომადგენლები მონაწილეობენ. აღლუმის რეპეტიციები ცხინვალის თეატრალურ მოედანზე მიმდინარეობს.
სააგენტო „რეს"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით სამხედრო აღლუმში 800-მდე სამხედრო მოსამსახურე და 50-მდე სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.
როგორც უკვე ცნობილია რუსეთის საოკუპაციო ბაზის ჯარისკაცები, დე ფაქტო თავდაცვის ძალების ნაწილი და მოხალისე მებრძოლები უკრაინის ომში არიან გადაყვანილი. ომშია გადასროლილი მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილიც, ამიტომ ცხინვალში ჩასატარებელი აღლუმი წელს მასშტაბური ვერ იქნება. რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა 4500 კაცს შედგენს. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო 800 მოსამსახურეს ითვლის. ცხინვალელი ჯარისკაცების ნაწილი მეოთხე სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობს. ამ კონტიგენტს ემატება რუსეთის „ეფ-ეს-ბე"-ს სასაზღვრო სამსახურის 1200 კაციანი შემადგენლობა.
სამხედრო აღლუმის რეპეტიციები, ოკუპირებულ ცხინვალში 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. უკრაინაში, რუსეთის არმიის შეჭრიდან დღემდე, ომში ცხინვალის რეგიონის 7 მცხოვრები დაიღუპა, ნაწილი რუსეთის არმიის მე-4 სამხედრო ბაზის პირადი შემედგენლობიდან იყო, ნაწილი კი ე.წ დონბასის რესპუბლიკებში მოხალისედ წავიდა.