აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 19 იანვარს კიევში ჩავა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს დასავლეთის შიშის ფონზე, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება.
ბლინკენი ზელენსკის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება, რათა „კვლავ დაადასტუროს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა“, შემდეგ კი ის გაემგზავრება ბერლინში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.
პრაისის თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართება მოლაპარაკებები ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან, რომლების დროსაც განიხილავენ „ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად,“ მათ შორის „მოკავშირეთა მზადყოფნას, რუსეთს სერიოზული შედეგებითა და მკაცრი ეკონომიკური საფასურით აზღვევინონ.“
შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ თუკი რუსეთი, რომელსაც ათიათასობით ჯარისკაცი ჰყავს თავმოყრილი უკრაინის საზღვართან, სამხედრო იერიშს დაიწყებს თავისი მეზობლის წინააღმდეგ, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვა მოსკოვისთვის. მოსკოვი რუსეთი უარყოფს სამხედრო იერიშისთვის მზადებას.
ბლინკენის „მოგზაურობა და კონსულტაციები ნაწილია დიპლომატიური ძალისხმევისა, რომლის მიზანია რუსეთის მიერ სამხედრო ძალების თავმოყრისა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო წარმოშობილი დაძაბულობის დეესკალაცია,“ განაცხადა პრაისმა.