ბუენოს აირესის საფეხბურთო კლუბი „რივერ პლეიტი“ „ლიბერტადორესის თასის“ ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩს აქამდე არნახული პრობლემით ხვდება - არგენტინელები ამაღამ, თბილისის დროით ოთხ საათზე, კოლუმბიის „სანტა ფეს“ გამესამედებული შემადგენლობით დაუპირისპირდებიან. გუნდში ბოლო პერიოდში კორონავირუსი ოც ფეხბურთელს დაუფიქსირდა და რაც მთავარია, ინფიცირებულთა შორისაა „რივერ პლეიტის“ ოთხივე მეკარე. კლუბის ხელმძღვანელობამ სცადა, მხოლოდ ერთი თამაშით დაემატებინა მეკარე ახალგაზრდული გუნდიდან, მაგრამ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან უარი მიიღო.
„რივერ პლეიტს“ მომავალი მატჩის წინ, განაცხადში მხოლოდ ათი ჯანმრთელი მოთამაშე შემორჩა და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სათამაშოდ უხმო ნახევარმცველ ენცო პერესს, რომელიც ტრავმირებულია და წინასწარი გეგმით, მინდორზე არ უნდა გასულიყო. ბოლო ინფორმაციით, კარში სწორედ პერესი ჩადგება.
„ლიბერტადორესის თასზე“ ჯგუფური ეტაპის ოთხი ტურის შემდეგ, „რივერ პლეიტი“ ექვსი ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს - ბრაზილიის „ფლუმინენსეს“ ორი ქულით ჩამორჩება. „სანტა ფეს“ კი მხოლოდ ორი ქულა აქვს და გათამაშების ცხრილის აუტსაიდერია.