ავღანეთის და ირანის საზღვარზე 13 თებერვალს აფეთქდა საწვავის ტანკერი, რასაც მოჰყვა მასშტაბური ხანძარი და ჯაჭვური რეაქცია, რომელმაც გაანადგურა ბუნებრივი გაზით და საწვავით დატვირთული 500-ზე მეტი სატვირთო მანქანა.
ავღანეთის ოფიციალური პირები და ირანის სახელმწიფო მედია იუწყებიან, რომ აფეთქება მოხდა საზღვრიდან ავღანეთის მხარეს, დასავლეთის პროვინცია ჰერატში. ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქების გამო ავღანეთს მოუწია ირანიდან ელექტროენერგიის მიწოდების გადაკეტვა - რამაც ჰერატის პროვინციის დედაქალაქი ღამით სიბნელეში დატოვა.
პირველადი ცნობებით, დაშავებულია სულ მცირე შვიდი ადამიანი, თუმცა არის ვარაუდი, რომ მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.