მოსწავლეთათვის საჯარო და კერძო სკოლების გახსნამდე ორი დღით ადრე რუსთაველ მასწავლებლებს და სკოლის სხვა თანამშრომლებს შორის ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად ოცდაათს კოვიდ-19 აღმოაჩნდა.
რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, თამარ ხეჩიკაშვილის, განცხადებით, დაინფიცირებულებიდან 13 მასწავლებელი საჯარო სკოლებიდანაა, 10 კი კერძო სკოლებიდან.
ქალაქის მეორე საჯარო სკოლაში კოვიდ-19 ერთდროულად 6 მასწავლებელს დაუდასტურდა.
„დაინფიცირებულები, რაღა თქმა უნდა, სკოლაში არ დაიშვებიან. მათი საგნების სწავლა ონლაინრეჟიმში გაგრძელდება“, თქვა თამარ ხეჩიკაშვილმა.
მისივე თქმით, სწავლის განახლებასთან დაკავშირებით ტესტირებას ქალაქის ყველა მასწავლებელი გადის. პროცესს რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური უზრუნველყოფს.
ამჟამად ტესტირება ჩატარდა 20 სკოლაში, 15 თებერვლამდე პროცესი უნდა დასრულდეს.
თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, სკოლებში სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება, რესურსცენტრს ჯერ არ აქვს სტატისტიკა, რამდენი მოსწავლე წავა სკოლაში და რამდენი გააგრძელებს ონლაინრეჟიმში მეცადინეობას.