უნგრეთი 12 თებერვლიდან იწყებს კოვიდ-19-ის ვაქცინა „სპუტნიკის“ მოხმარებას და ის პირველი ქვეყანა იქნება ევროკავშირში, რომელმაც ბლოკის სხვა წევრებისგან განსხვავებით, რუსეთში წარმოებული საშუალება შეუკვეთა.
„დღეს ვიწყებთ აცრებს „სპუტნიკით“, რაც საგანგებო პუნქტებში ხდება,“ განაცხადა უნგრეთის მთავარმა ექიმმა, სესილია მულერმა.
უნგრეთმა იანვარში საგანგებო წესით დაამტკიცა რუსული წარმოების ვაქცინა და შეუკვეთა 2 მილიონი დოზა სამი თვის განმავლობაში, რაც საკმარისია მილიონი ადამიანის ასაცრელად. ბუდაპეშტმა ეს ნაბიჯი გადადგა და არ დაელოდა სამედიცინო საშუალებების ევროპის კავშირის სააგენტოსგან ნებართვას. უნგრეთმა დაამტკიცა ასევე კორონავირუსის, ჩინეთში წარმოებული ვაქცინა, ასევე პირველმა ევროპის კავშირში, და შეუკვეთა ხუთი მილიონი დოზა.
უნგრეთს არაერთხელ ჰქონია დაპირისპირება ბრიუსელთან, უფრო მიგრაციის საკითხებში, და არაერთხელ გაუკრიტიკებია ევროკავშირის, როგორც ბუდაპეშტი მიიჩნევს, ნელი მოქმედება ვაქცინების დამტკიცების და ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტოების მიერ მათი შეძენის მხრივ.
ბრიუსელის გადაწყვეტილებას რომ ვუცადოთ, ყოველ დღეს ასი უნგრელის სიცოცხლეს დავკარგავთ, განაცხადა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელმაც ინფექციის გავრცელებაში დაადანაშაულა ბრიტანეთში აღმოჩენილი მუტირებული შტამები. მისი თქმით, არ არის საჭირო დამატებითი „ლოკდაუნი“ გავრცელების შესაჩერებლად, რადგან რუსული და ჩინური წარმოების ვაქცინების გამოყენება ვითარებას გააწონასწორებს.
რუსეთმა „სპუტნიკი“ აგვისტოში გაატარა რეგისტრაციაში, დასავლური წარმოების ვაქცინებზე ბევრად ადრე, მაგრამ, რადგან არ იყო საკმარისი კლინიკური კვლევა ჩატარებული, ექსპერტები მან უნდობლად განაწყო.