ოკუპირებულ ცხინვალში, თეატრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორიც, ადგილობრივი მილიციელების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები არიან. მოედანზე ჯაბიევის ცოლი და ახლო ნათესავები არიან შეკრებილები და მათი მოთხოვნები უცვლელია: ინალ ჯაბიევის მკვლელობის სამართლიანი გამოძიება და იმ პირთა უმკაცრესად დასჯა, ვინც ამ დანაშაულის თანამონაწილეა.
„ჩვენ საპროტესტო აქციაზე გამოუვალი მდგომარეობის გამო გამოვედით. ვერ ვხედავთ გამოძიების საქმეში სამართლიანობას. სამი თვე გავიდა და არავითარი შედეგი არ არის. ჩვენ აქ ვიდგებით, ვიდრე სამართლიანობას არ მივაღწევთ“, - უთხრა ადგილობრივ ჟურნალისტებს გარდაცვლილის ცოლმა აქსანა სოტიევამ. მან აღნიშნა, რომ გენერალური პროკურატურა დამნაშავეების დაცვით არის დაკავებული, ნაცვლად იმისა, რომ ობიექტური გამოძიება ჩაატაროს.
პარასკევს ჯაბიევის ცოლი პლაკატებით მარტო მივიდა ოკუპირებულ რეგიონში არსებულ რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოსთან. მან ოსურ საზოგადოებას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გვერდით დგომისკენ და აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა. სოტიევამ ცხინვალელებს სოციალური ქსელით მიმართა. საპასუხოდ კი დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპასუხო განცხადება გაავრცელა და ცხინვალელებს არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისგან თავის შეკავება ურჩია. დე ფაქტო შსს ქუჩაში აქციებზე გამოსულებს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით დაემუქრა.
30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინალ ჯაბიევი მილიციელებმა აწამეს და სცემეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას და სოციალური ქსელებით ფოტოების გავრცელებას ცხინვალში მასობრივი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა.
გადადგა დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტი, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა, რომლის გადადგომასაც დე ფაქტო პარლამენტის უმრავლესობა მოითხოვს და ამ მოთხოვნის შესრულებამდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება. დაღუპულის ცოლი, აქსანა სოტიევა მიიჩნევს, რომ გამოძიება სამართლიანად არ მიმდინარეობს და ცხინვალის ცენტრში პერმანენტული აქციების მოწყობას გეგმავს.