აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეარხ NTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ჯარებმა სექტემბრის ბოლოდან დღემდე მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 40-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის პოლიტიკური რეგულირების დაჩქარება. ამასთან დასძინა, რომ ბაქოს და ანკარას არასოდეს განუხილავთ აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის შექმნის საკითხი.
ტელეარხ France 24-თან საუბარში ალიევმა აღნიშნა, რომ თურქეთი არ მონაწილეობს სამხედრო კონფლიქტში.
თავის მხრივ მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ჯარებმა რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტს კვლავ დაუშინეს რაკეტები. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ უარყო ბაქოს მიერ გავრცელებული ცნობა აზერბაიჯანის სამოქალაქო ობიექტებზე იერიშის შესახებ.
მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი მკვეთრად გამწვავდა 27 სექტემბერს. ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ ვითარების ესკალაციაში. ორივე მხარეს არის დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის, სამოქალაქო მოსახლეობაში. 10 ოქტომბერს მხარეებმა რუსეთის შუამავლობით მოაწერეს ხელი საზავო შეთანხმებას, მაგრამ მისი ამოქმედებიდან ცოტა ხანში ერთმანეთს ბალი დასდეს მის დარღვევაში.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის თაობაზე კონფლიქტი საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელი წლებიდან მოკიდებული გრძელდება. რეგიონმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული, 1991 წელს გამოაცხადა აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა, მაგრამ ის არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. ამჟამად მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე რეგიონებს სომხური ძალები აკონტროლებენ.