ბაღდადში აშშ-ის საელჩომ გამოაცხადა, რომ მუშაობას წყვეტს საპროტესტო აქციების გამო, რომლებიც დიპლომატიური მისიის გარეთ იმართება 31 დეკემბრიდან. ერაყის უშიშროების ძალები საელჩოს ობიექტების გარშემო ტერიტორიას აკონტროლებენ, მაგრამ აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევენ, არ მიუახლოვდნენ საელჩოს შენობას. ერაყში საპროტესტო გამოსვლების გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გადადო ვიზიტები ყაზახეთში, უზბეკეთში, ბელარუსში, უკრაინასა და კვიპროსში. ბაღდადში აშშ-ის დიპლომატიურ მისიასთან გამოსვლების მიზეზი გახდა აშშ-ის სამხედროების მიერ პროირანული შიიტური დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებული ავიადარტყმები, რის შედეგადაც სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა. ვაშინგტონის თანახმად, ეს საჰაერო იერიში პასუხია აშშ-ის სამხედრო ბაზებზე გამუდმებულ თავდასხმებზე.