პარკირების წესის დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები ავტობუსების პარკის სრულად განახლების შემდეგ ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯარიმები შესაძლოა, წლის ბოლოდან ან მომავალი წლიდან ამოქმედდეს.
„პარკირების ჯარიმების ამოქმედება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვახერხებთ ავტოპარკის ახალი ავტობუსებით ჩანაცვლებას. დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. როგორც კი გვეყოლება ახალი ევროპული ტიპის ავტობუსები, მაშინ ამოქმედდება ეს რეგულაცია. შეიძლება წლის ბოლომდე მოესწროს ავტობუსების ჩანაცვლება, შეიძლება მომავალი წლის დასაწყისში. ამასთან, თქვენ იცით, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი დაწყებული გვაქვს ორბელიანის მოედანზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე უკვე დავიწყეთ. განსხვავებული იქნება ტარიფები რაიონების, უბნების მიხედვით. როდესაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, საზოგადოებას ინფორმაცია ექნება. ყველა ქუჩაზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება, პარალელურად ვახორციელებთ საპარკინგე ადგილების მოწყობას. ასევე იცით, რომ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა საპარკინგე ადგილების შექმნაზე, თუმცა, სამწუხაროდ, არავინ გამოთქვა სურვილი. აპროტესტებდნენ, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე საინვესტიციო ვალდებულებით გაცემულ პროექტზე ერთი ამბავი ატეხეს. ეს პანორამასთვის კი არა, ქალაქისთვის კეთდება. ასევე გამოვყავით სხვა ლოკაციებიც და შევთავაზეთ, მაგრამ უარი განაცხადეს პარტიის წარმომადგენლებმა. ჩვენ გავაკეთებთ მაგასაც, არ იქნება პრობლემა”, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარკირების საფასური, რომელიც ახლა წლის განმავლობაში 50 ლარია, არ გაიზრდება.