საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უარს ამბობს ეთერში აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე.
პირველი არხის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.
„მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეებრძოლოს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მძიმე სენის სახით გავრცელებულ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და მავნე ჩვევას“, - ნათქვამია პირველი არხის მიერ დღეს, 30 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
პირველი არხი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით უარს ამბობს შემოსავალზე, რომელიც სრულად ხმარდება სპორტული ტრანსლაციების ლიცენზიების შეძენას, მათ მომსახურებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.
მაუწყებლის განცხადებით, „აზარტული თამაშების უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა ერთმნიშვნელოვანია, ამიტომ საქართველოს პირველი არხი მთლიანად იზიარებს და ამ გადაწყვეტილებით სრულად ეთანხმება საზოგადოების მოთხოვნას“.
პირველმა არხმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ტელეკომპანიის ოპერატორის სანდრო ბერაძის გარდაცვალების გამო. რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სანდრო ბერაძის ცხედარი 29 ოქტომბერს, ცხვარიჭამიასთან იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ტრაგედია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ გამოიწვია.