შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო ცაციაშვილის ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) შსს-მიერ რეგისტრირებულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევა. დროის ამავე მონაკვეთში, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 ამხილეს არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი - არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 127 პირს, რომელთაგან 101 ამხილეს არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 26 პირი - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.
არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები.
2019 წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულია 39 პირი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 16 პირი.
„2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს“, - აცხადებს ნინო ცაციაშვილი.
გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან:
ოჯახის წევრი/მშობელი - 53%
დაზარალებული ბავშვი - 8%
სოციალური მომსახურების სააგენტო - 6%
მანდატურის სამსახური - 6%
სკოლა - 4%
მეზობელი - 3%
ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები - 1%
არასამთავრობო ორგანიზაცია - 1%
სხვა - 18%
„მივმართავთ საზოგადოებას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, - აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.