აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხმების დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია მე-20 საუკუნის დამდეგს ოსმალეთის იმპერიაში სომხების გაჟლეტის გენოციდად ცნობის შესახებ, რამაც ანკარის რისხვა გამოიწვია. წარმომადგენელთა პალატაში 29 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაში რეზოლუციას მხარი დაუჭირა 405-მა დეპუტატმა 11-ის წინააღმდეგ.
უკანასკნელ ხანებში აშშ-სა და ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეს, თურქეთს შორის ურთიერთობები დაძაბულია სირიაში ამ უკანასკნელის მოქმედებების გამო.
პირველი მსოფლიო ომის დროსა და უშუალოდ მისი დასრულების შემდეგ ოსმალებმა დახოცეს და დეპორტაცია გაუკეთეს 1,5 მილიონ სომეხს, ქრისტიანულ უმცირესობას ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ ოსმალეთის იმპერიაში.
მრავალი ისტორიკოსი და სხვა ქვეყნები ამ ფაქტს გენოციდად მიიჩნევენ. თურქეთი ეწინააღმდეგება ასეთ კვალიფიკაციას და აცხადებს, რომ სასიკვდილო შემთხვევები სამოქალაქო მღელვარების შედეგი იყო და არა ოსმალეთის ხელისუფლების დაგეგმილი მცდელობა, გაენადგურებინა სომხები. თურქეთი ასევე აცხადებს, რომ დაიღუპა უფრო ნაკლები სომეხი, ვიდრე მიჩნეულია. რეზოლუცია წარმოადგინა ადამ შიფმა, დემოკრატმა კალიფორნიიდან, სადაც მრავალრიცხოვანი სომხური მოსახლეობა ცხოვრობს.