შალვა თადუმაძემ არ უპასუხა "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვისა" და მისი წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის კითხვებს. ამის მიზეზად თადუმაძემ არასამთავრობოების არაკეთილსინდისიერება და გიორგი მშვენიერაძის მიერ გიორგი გახარიას ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადება დაასახელა.
"პარლამენტი უფლებამოსილია შეამოწმოს ჩემი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. ეს უნდა გააკეთონ ადამიანებმა, რომელთაც გააჩნიათ ამის მაღალი მაჩვენებლები და შესაბამისი ლეგიტიმაცია" - თქვა თადუმაძემ და დაამატა: "მე არ მიმაჩნია, რომ თქვენ [გიორგი მშვენიერაძე] ხართ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია შეამოწმოთ ჩემი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება."
თადუმაძემ გიორგი მშვენიერაძეს გაახსენა ფაქტი, როცა მან აქციაზე "სირცხვილია" შს მინისტრის, გიორგი გახარიას მობილური ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და მოუწოდა დემონსტრანტებს, მიეწერათ მინისტრისთვის - „წადი”.
"სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს", - თქვა თადუმაძემ და დასძინა: "მე არ ვაპირებ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას".
შალვა თადუმაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში პასუხობდა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც თადუმაძეს პასუხის გაცემა მოუწია მისი დიპლომი იყო. სახალხო დამცველისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული ორი დამოუკიდებელი ანგარიშით, თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა დგინდება და ის შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნას უმაღლესი განათლების შესახებ. ამას შალვა თადუმაძე კატეგორიულად უარყოფს.