ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის კითხვის პასუხად განაცხადა.
დეპუტატი დაინტერესდა, რა დამსახურებები აქვს შალვა თადუმაძეს, რის გამოც თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განიხილავს.
როგორც შალვა თადუმაძემ განაცხადა, ის საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის უკომპრომისო იყო.
„ერთი იმ დამსახურებისთვის, რომ ძალიან ბევრი ვერ ბედავდა იმას, რასაც მე ვბედავდი იმ პერიოდში, როცა სახელმწიფო მანქანა მუშაობდა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. იმ პერიოდში სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობდი. მე პროფესიულ ნაწილში საკმაოდ დიდი გამბედაობები მაქვს გამოჩენილი”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მისივე თქმით, ის არასდროს ერიდებოდა საკუთარი აზრის გამოთქმას არც საპარლამენტო მდივნის და არც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობის განმავლობაში. თადუმაძემ აღნიშნა, რომ უკომპრომისოდ ახორციელებდა საქმიანობას მიუხედავად იმისა, მოსწონდა თუ არა ეს პარლამენტის იმჟამინდელ შემადგენლობას და ასეთივე უკომპრომისო იყო მთავრობის ადმინისტრაციაშიც და პროკურატურაშიც.
„ერთი რამ მხიბლავს, წელიწადნახევრის გენერალურ პროკურორს მელაპარაკებიან 25 წლის წინანდელ შემთხვევაზე და ვერ იგონებს ვერც ერთი პოლიტიკური ფიგურა შემთხვევას, როცა გენპროკურორმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ვიღაცას ბრალი წარუდგინა ისე, რომ არ ეკუთვნოდა. არ არსებობს ვინმე ამ დარბაზში, რომელიც ჩემს საქმიანობაზე იტყვის, რომ ან პოლიტიკური ნიშნით ვახორციელებდი დევნას“, – განახადა შალვა თადუმაძემ.
მისივე თქმით, ყველა მის გადაწყვეტილებაზე და წელიწადნახევრის განმავლობაში ყველა პროკურორის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი თავად არის.