თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების, კანალიზაციის მილების დაერთების ფაქტები არსებობს, თუმცა ისინი თვალით ხილული არ არის და რთული დასადგენია. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე „თავისუფლების მონიტორის“ პასუხად განაცხადა ირაკლი ხმალაძემ, სირთულიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ ფაქტების გამოვლენა ვერ მოხერხდა, თუმცა სამუშაოები დაწყებულია:
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ფიზიკური სამუშაოები და თითოეული საკომუნიკაციო ნაგებობა პრაქტიკულად გაშიშვლდება და შევხედავთ, სად რა არის დაერთებული და დღესვე მოხდა ერთი კონკრეტული გამოვლინება, სადაც ადგილი ჰქონდა უკანონო დაერთებას. გუშინაც გავაკეთეთ ჩვენ ამაზე განცხადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, პირველ რიგში ფაქტობრივი დარღვევის აღმოფხვრა მოხდება მყისიერად, ხოლო სამართლებრივად წარმოება დაიწყება საკმაოდ მძიმე იმ პირებთან მიმართებით, ვისაც ეს უკანონო ჭრები აქვს გაკეთებული“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სასმელი წყალი, რომელიც თბილისის მოსახლეობას მიეწოდება, დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მისი ხარისხი ყოველდღიურად კონტროლდება კომპანია „GWP“-ს მიერ.
„კომპანია GWP იღებს სინჯებს და ხდება მისი ლაბორატორიული შემოწმება. მას არანაირი პრობლემა არ აქვს და ის სრულად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რა სტანდარტის წყალიც უნდა მიეწოდებოდეს თბილისის მოსახლეობას“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
„თავისუფლების მონიტორის“ თანახმად, თბილისის ზღვაში, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის წყალმომარაგების ერთ-ერთი წყაროა, საკანალიზაციო მილით ფეკალური მასები იღვრება.
„თავისუფლების მონიტორმა“ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებით დაადგინა, რომ ამის შესახებ თბილისის მერიამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იცოდა, თუმცა დუმდა და პრობლემის აღიარება მხოლოდ მას შემდეგ მოუხდა, რაც „თავისუფლების მონიტორმა“ პასუხი პრობლემაზე პირადად მერს მოსთხოვა.
მთავრობის სხდომაზე, 9 ოქტომბერს, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, რომ შეიყვანოს ტექნიკა და მოძებნოს ის ადგილები, სადაც კანალიზაციის სისტემების უკანონო დაერთებებია.
„ნახეთ,რომ ეს პრობლემა თავიდანვე იყოს აცილებული და თუ აღმოაჩენთ ასეთ შემთხვევებს კიდევ, რა თქმა უნდა, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად, როგორც საჭიროა“, - განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.