კოსოვოში 6 ოქტომბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მემარცხენე ლიდერი ამბობს, რომ არ ეჩქარება სერბიასთან ოფიციალური მოლაპარაკების განახლება კავშირების ნორმალიზაციის შესახებ.
ასოშიეიტედ პრესისთვის მიცემულ, 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში პარტია "ვეტვენდოსიეს" ლიდერი, ალბინ კურტი - რომელიც მომავალი პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს - ამბობს, რომ პრიშტინა-ბელგრადის მოლაპარაკება ამ ეტაპზე არ არის პირველი საკითხი მის დღის წესრიგში. "ეს არ შეიძლება ჩემი მთავარი პრიორიტეტი იყოს გაპრემიერების პირველივე დღეს" - ამბობს ის.
კურტის პარტიამ დაამარცხა მემარჯვენე-ცენტრისტული ჯგუფები, რომლებიც შექმნეს კოსოვოს გათავისუფლების არმიის ყოფილმა მებრძოლებმა და რომლებიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში.
კოსოვომ სერბიისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. მის სახელმწიფოებრიობას არ სცნობენ სერბია, ჩინეთი, რუსეთი და ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, თუმცა მისი დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 110-ზე მეტ სახელმწიფოს.
სერბიასა და კოსოვოს შორის დიალოგი 2011 წელს დაიწყო, თუმცა შემდეგ ჩიხში შევიდა. განხეთქილების ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს სერბიაში წარმოებული საქონლისთვის 100 პროცენტიანი ტარიფის დაწესება. "გადასახადების მოხსნა მხოლოდ ურთიერთგათვალისწინების პრინციპის ამოქმედების შემდეგ გახდება შესაძლებელი" - ამბობს კურტი, რომელსაც მხედველობაში აქვს კოსოვოსა და სერბიას შორის გაფორმებული 33 შეთანხმება.