„დიმიტრი გაბუნიას განცხადებებს სერიოზულად არ აღვიქვამ. წარმოუდგენელია ასეთი საქმის წარმოება ჩემ წინააღმდეგ, თუ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ გადაწყვეტს, ჩემი პოლიტიკური დევნა განახორციელოს გაბუნიას ხელით“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი, ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას განცხადებას, რომ ყველა იმ პირის სამართლებრივ საპუსხიმგებლობას დააყენებს, ვინც „საჯაროდ ხელი დაადო და გარია კორუფციაში“ მძიმე დანაშაულში შეწყალებულთა საქმესთან დაკავშირებით.
ირმა ნადირაშვილის სიტყვებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კავშირები შეწყალების საკითხთან.
„ვალდებული ვიყავი, ინფორმაცია, რომელიც მქონდა, თქვენთვის გამემხილა და პროკურატურისთვის მიმეწოდებინა. რამდენად არის გაბუნია გარეული იმ კორუფციულ თუ სხვა ტიპის სქემებში, რომლის შედეგადაც მოხდა ეს შეწყალება, ეს პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ეს მე არ ვიცი. ის, რაც მე ვიცი 100%-ით, არის ის, რომ საქართველოს უზნეო პრეზიდენტი ჰყავს და ამ უზნეო პრეზიდენტთან მუშაობს გაბუნია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ გააფუჭა კანონმდებლობა ამ მიმართულებით, ჩემს წყაროს მაინც იცავს კანონი. მე არ მინდა სერიოზულად მივუდგე გაბუნიას ამ განცხადებებს. წარმოუდგენელია ასეთი საქმის წარმოება ჩემ წინააღმდეგ, თუ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ გადაწყვეტს, ჩემი პოლიტიკური დევნა განახორციელოს გაბუნიას ხელით“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ის სასამართლოში სარჩელს შეიტანს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც შეწყალების სკანდალში მისი გვარი გარია. ეს განცხადება დიმიტრი გაბუნიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც გენერალური პროკურატურა დატოვა, სადაც გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
19 სექტემბერს პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.
სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.
განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.
შედეგად, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.
16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.
17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.
20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.